"ხალხის ძალის" ინიციატივა ისევ კრიტიკის ობიექტია. მოძრაობამ განაცხადა, რომ პროექტს შეცვლის და პირდაპირ ამერიკულ მოდელს გადმოთარგმნის, თუმცა უმცირესობის დეპუტატებისთვის მაინც მიუღებელია მიდგომები და გაუგებარია იდეაც, თუ რა საჭიროებამ გამოიწვია არასამთავრობო სექტორიის და მედიის შესახებ ახალი კანონი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამერიკული კანონის თუნდაც პირდაპირ გადმოღება საქართველოს რეალობაში, არის ძალიან საფრთხის შემცველი.
"ამერიკული კანონის თუნდაც პირდაპირ გადმოღება ჩვენს რეალობაში არის ძალიან საფრთხის შემცველი. იმიტომ კი არა, რომ კანონი ცუდია ან კაია, იმიტომ რომ ამერიკაში არის აბსოლუტურად განსხვავებული დემოკრატიის ხარისხი. ამერიკაში არის ისეთი ტიპის სასამართლო სისტემა, რომელიც ვერანაირი კანონის მიღებას ვერ აქცევს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, ან ხელისუფლებისთვის ინსტრუმენტად რომ ვიღაცამ ზეწოლა მოახდინოს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
"ეს ჟონგლიორობა, რომ დღეს დავარეგისტრირებთ, მაგრამ ჯერ არ ვაქვეყნებთ, და რადგან ასეა - მერე ასე ჩავასწორებთ, პირველ რიგში ეს არის მიუღებელი პარლამენტისთვის და სწორედ ეს არის რუსული მანიპულირება. ჩვენ რას გვეუბნებიან? რომ თუ თქვენმა კომპანიამ გრანტის სახით მიიღო უცხოური დაფინანსება, ან რომელიმე ექსპერტი არის დაფინანსებული რომელიმე საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და კვლევას აკეთებს, და ამავე დროულად თქვენ ინტერვიუ მოგცათ რაიმე საკითხზე - ეს ხომ უცხო ქვეყნის აგენტია იმიტომ, რომ დაფინანსებას იქიდან იღებს. ამიტომაა ეს რუსული და არა ამერიკული," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.