"ხალხის ძალის" ინიციატივასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში.
პროექტზე პოზიცია არ ჩამოუყალიბებია "ქართულ ოცნებას", თუმცა მმართველი გუნდი იმეორებს, რომ ინიციატივა, რომელიც მეტ გამჭირვალობას უზრუნველყოფს, საინტერესოა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს რუსეთისვის შედარება მიუღებელია.
"არის მცდელობა გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით უბრალოდ ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს თემის ცენზურა. საკვირველია, როდესაც მიდის საუბარი გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფები ითხოვენ საკითხისთვის ტაბუს დადებას. ჩემი აზრით, ეს თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რომ არა ამერიკული კანონმდებლობა გამჭვირვალობის, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ. სხვათაშორის, გერმანიის ლობისტების რეესტრში რეგისტრირებულია გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობის ფილიალი.
როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თუკი გამჭვრივალობა ვინმეს აშინებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ აქვთ ისეთი საქმიანობა, რომელიც "დასამალია."
"თუ გამჭვირვალობა ვინმეს აშინებს, ე.ი. კითხვის ნიშანი არის რეალური, რომ მათ აქვთ იმდაგვარი საქმიანობა, რომელიც დასამალია. სპეკულაციები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, არავითარი არგუმენტი მათ მსჯელობაში არ იყო. თუ კი დემოკრატიულ სამყაროში, ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს, ავსტრალიას აქვს ასეთი დაცვის მექანიზმები, რატო მარ უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომელსაც ამ ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი რისკები აქვს, ვიდრე მათ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიცვლება. მას შემდეგ, რაც შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კრიტიკული განცხადება გაკეთდა, მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა გადაწყვიტეს პირდაპირ გადმოთარგმნონ ამერიკული კანონი.