ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა - განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა მიუნხენში გააკეთა. უსაფრთხოების კონფერენციამ სტარტი აიღო. სამი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების გამოწვევებსა და უკრაინის ომზე ისაუბრებენ.
გახსნით სესიაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ მინისტრიც. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობაც, პრემიერი სიტყვით ხვალ გამოვა. გერმანიაში საქართველოს ელჩის ცნობით, გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
"საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში. იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში. ეს დისკუსია შეეხება რეგიონალურ უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონფერენციის ხელმძღვანელი, ბატონი ჰოიზგენი გაუწევს მოდერაციას აღნიშნულ პანელს. პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები, იმისთვის რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და კონკრეტული გეგმები დაისახოს," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია.