საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შეხვდა. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში - ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო.
შეხვედრას twitter-ზე გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელი. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებასა და ევროკავშირის გზაზე, წინსვლის მიღწევის საჭიროებას.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტსაც, რომელსაც მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი "ეარბას ჰელიქოფთერის" აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა. საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "ეარბას ჰელიკოფთერთან" 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა. "ეიჩ145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.