14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ყველა შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ჯინ შაჰინი

პრეზიდენტი კიევში, სენატორები თბილისში. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი - ორი დღის მანძილზე მათ შეხვედრები ჰქონდათ ენჯეოებთან, ოპოზიციასთან, უმრავლესობასთან, პრეზიდენტთან და პრემიერთან.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი, ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს შედგა, მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატეს. მისი თქმით, ამერიკა 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში.

"რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს. დღეს შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ. შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში," - განაცხადა  ჯინ შაჰინმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი, დიკ დურბინი ამბობს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ქართველ ხალხს და სქართველოს ევროინტეგრაციას.

"მე საქართველოში მესამედ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. ყოველ ჯერზე, ქართველი ხალხი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ისინი სხვადასხვა მტრის, გამოწვევებისა და მისი ტერიტორიის მიტაცების წინააღმდეგ მტკიცედ დგანან. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა. ერთ-ერთია ინდუსტრიული გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, რადგან მათ ეს სჭირდებოდათ. მეორე უკრაინელი ლტოლვილების მიღება იყო. დღეს ერთ-ერთ მათგანს შევხვდით. მან მართლაც ძალიან გულსატკენი ამბავი მოგვიყვა თუ რისი გავლა მოუწია მის ოჯახს, რუსეთის აგრესიის შედეგად. რუსეთის არაპროვოცირებულმა უსამართლო შეჭრამ და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ და ბრძოლამ, ძალიან ბევრი ევროპული ერი გააერთიანა, რასაც საქართველოც უერთდება. საქართველოს განცხადება, ევროკავშირის წევრობისთვის, ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენც პირობას ვდებთ, რომ ამ ძალისხმევას მხარს დავუჭერთ,“ - აცხადებს დიკ დურბინი.

ავტორი: ანუკი ბუავა 

 

დღის ამბები