14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე - რეზონანსულ საქმეებზე სამაგალითოა შსს-ს რეაგირება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეზონანსულ საქმეებზე შსს-ს რეაგირება სამაგალითოა.

"რეზონანსულ საკითხებზე აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი პოლიციელები, რომლებიც მათ სიცოცხლეს, მათ უსაფრთხოებას, მათ საკუთრებას, მათი შვილების უსაფრთხოებას იცავენ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად ამისა, ისინი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიდიოდნენ მინისტრთან და საქმიანი შეკითხვების ნაცვლად ცინიკურად ეკითხებოდნენ, სად არის ესა თუ ის ძებნილი, რატომ არ არის დაკავებული ამდენი ხანი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის სხდომაზე, სადაც დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისივე თქმით, ეს ადამიანები პრაქტიკულად ირონიულ-ცინიკურ კამპანიას აწარმოებდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

"მინდა ვთქვა, რომ აქაც ბატონმა გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა ამოცანას გაართვა თავი წარმატებით და რეზონანსულ საქმეებზე სამაგალითოა შსს-ს რეაგირება. განსაკუთრებით ძარცვის საქმეებზე, რომელზეც ამხელა იყო მედიის და საზოგადოების ყურადღება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ოპერაცია ჯერ დაასრულა მსხვერპლის გარეშე, შემდეგ ძებნილიც დააკავა ისე, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც წინა წლებში ჩვენს ხელისუფლებას უნიათოს უწოდებდნენ, ახლა ამბობენ, რომ შენახული ჰყავდათ ეს დამნაშავეო და როცა დაჭირდათ მაშინ გამოიყვანესო," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დღის ამბები