14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ან ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით, თუ ბოიკოტს გარეთ" - რომან გოცირიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ბოიკოტთან დაკავშირებით ისევ გაუგებრობა და აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ირკვევა ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ცალკეული დეპუტატები ჩაერთვებიან კომიტეტების მუშაობაში.

პარტიის ეს ნაწილი პირველივე დღეებიდან ღიად აცხადებდა, რომ ბოიკოტს არ ემხრობა.

დღეს პირველად გამოჩნდა მედიასთან რომან გოცირიძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვა- დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პარტია ბოიკოტის რეჟიმზე უარს იტყვის. 

აქვე, რომან გოცირიძემ განმარტა, თუ რა იყო ის მიზეზი, რის გამოც მან პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და გაურკვევლობა იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

"დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ან ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით თუ ბოიკოტს გარეთ და სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება და კარგია, რომ ისმის განცხადებები, რომ ნაციონალური მოძრაობა შეწყვეტს ბოიკოტს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უმრავლესობა ფრაქციაში ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ვინაიდან, ოპოზიციის ხმა არ ისმის პარლამენტში," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ გამოიყენოს საპარლამენტო რესურსი ყველა მიმართულებით.

"საპარლამენტო რესურსი არ არის სესიებზე კითხვის დასმა მხოლოდ, ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა. ჩემი გადაწყვეტილება იყო ესეთი, რომ მე ამ განხილვებში ჩავერთო. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ფრაქციის მოქმედება საპარლამენტო სივრცეში დაიწყებს და ამაზე დაიხურება საუბარი. ვერ გეტყვით ამ ბოიკოტის გაგრძელების შინაარსს,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები