ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომა 2 დღე გაგრძელდება. საქართველოს დელეგაციას ექნება მოლაპარაკებები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების დეპუტატებთან, ასევე, ნატო-ს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემაა საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობა, საქართველოს ინტეგრაცია ალიანსში, ის თუ როგორ ასრულებს ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ასევე, ომი უკრაინაში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ საუბრის მთავარი თემა იქნება უკრაინის ომი, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელშიც საქართველო საკვანძო ქვეყანაა.
"ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ომი უკრაინაში და მისი გავლენა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარება. დღეს საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინა ხაზზე, ჩვენ ვართ შავი ზღვის საკვანძო ქვეყანა. შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, საქართველოს ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შედის არამხოლოდ არამედ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ინტერესებში," - აცხადებს ბერაია.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა დასავლეთი ერთხმად შეთანხმდა რომ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, მნიშვნელოვანია რომ ამ ფრონტზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოჩენილი, რადგან ჩვენმა ქვეყანამ პირველმა იწვნია რუსეთის აგრესია.
"ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს დაპირება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ - ნატო-ს მხრიდან, თუმცა, ასევე გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ორივე ფრონტზე მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩასატარებელი. ამ ვითარებაში, როდესაც მთელი დასავლეთი შეთანხმდა რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში და მხარდაჭერაა ამასთან მიმართებაში, საქართველო, რომელმაც პირველმა განიცადა რუსეთის აგრესია და პირველმა იბრძოლა საკუთარი სუვერენული არჩევანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ფრონტზე აქტიურად იყოს წარმოჩენილი. უმნიშვნელოვანესია ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ადეკვატური წარმოჩენა, არამხოლოდ წარმომადგენლობით დონეზე, თვითონ სამიტის ფარგლებში, არამედ პოლიტიკურ დეკლარაციაში, კომუნიკეში," - თქვა აქუბარდიამ.