14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"მადლობა თქვენი აქტიურობისთვის და მტკიცე საზოგადოებრივი პოზიციისთვის უკრაინის და უკრაინელების მხარდასაჭერად" - ანდრეი კასიანოვი

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი სრულდება. "რუსეთის აგრესია უკრაინაში. წინააღმდეგობის ერთი წელი" - ამ თემაზე გაიმართა დღეს კონფერენცია თბილისში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" და უკრაინის საელჩო მასპინძლობს.

კონფერენციის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ომის დროს და შემდგომ პერიოდში და ომის ფონზე ცვლილებები ევროპასა და აზიაში. კონფერენციის ფარგლებში სესიებზე განხილული იყო ევროპისა და ევრაზიის უსაფრთხოების საკითხები და ის გავლენა, რაც 1-წლიანმა ომმა მსოფლიოზე მოახდინა.

"ჩემი ერისთვის ახლა ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე მომენტი დგას. თუმცა, უკრაინისთვის რუსეთთან ომი 2014 წელს დაიწყო, ყირიმისა და დონბასისა ოკუპაციით. უკვე ერთი წლის წინ, 24 თებერვალს პუტინის აგრესია ყველამ ნათლად დაინახა და გაიაზრა, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ომი. რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე უკვე სტატისტიკაც მეტყველებს, თუმცა გზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. რუსეთმა ვერ მიაღწია და ვერასდროს მიაღწევს საკუთარ მიზნებს უკრაინაში. რუსეთმა მოულოდნელ შედეგებს, მხოლოდ მასობრივად ჩადენილი ომის დანაშაულების თვალსაზრისით მიაღწია. ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელი გახდა, რომ რაც უფრო მეტად მივიღებთ შეიარაღებასა და სხვა სახის დახმარებას, მით უფრო მალე დასრულდება ომი ერთადერთი შესაძლო შედეგით - უკრაინის საბოლოო და უპირობო გამარჯვებით და ჩვენი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციით. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! მადლობა თქვენი აქტიურობისთვის და მტკიცე საზოგადოებრივი პოზიციისთვის უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად," - განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.

დღის ამბები