14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, ნანახი გვაქვს ბევრჯერ, ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" შეფასებით, დიმიტრი გორდონმაც და გიული ალასანიამაც დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ჩამოვიდა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, სააკაშვილი ციხისთვის მზად არ იყო და ეს დაადასტურა გიული ალასანიამაც.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს."

"უნდათ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე, მათ შორის რეზოლუციაშიც. ხომ ამიტომ ვართ ჩვენ გულნაწყენი, რომ დეზინფორმაციის წყაროდ იქცა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს, საუბარია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი, არადა, ვიცით, რომ ის გაექცა მართლმსაჯულებას. თითქოს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, არადა, ვიცით, რომ ის შემოიპარა სწორედ რევოლუციის მოსაწყობად. რას ნიშნავდა არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში შემოსვლა და აქ გამოჩენა, მგონი, არც ბავშვი არავინაა და არც ქართული საზოგადოება არის გამოუცდელი ამ მხრივ. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით კი, "ის რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, დაგეგმილი სპეცოპერაციაა."

უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა. "სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა, რომელსაც ხშირად სირთულეები ახლდა მაგრამ გამოსავალს ვპოულობდით, თუმცა ახლა რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით" - აღნიშნა ალასანიამ. თავის მხრივ, გადაცემაში დიმიტრი გორდონმაც თქვა, რომ სააკაშვილს საქართველოში წამოსვლამდე კითხა შესაძლო დაკავების შესახებაც, ყოფილმა პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ის რევოლუციონერია და ყველაფრისთვის მზად არის.

დღის ამბები