14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"ჩვენთან ამ კანონს ვერ გადმოვიტანთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ლობიზმი გვაქვს აკრძალული" - ალექსანდრე რაქვიაშვილი "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული კანონის პირდაპირ კოპირება ქართულ რეალობაში არასწორია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა სფეროდან აღებული კანონის მისადაგება სხვადასხვა საკითხზე, შეუძლებელია. 

"მიზანი ერთის მხრივ, შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი, სხვა თემების გადაფარვა, როგორიც არის სამხედრო რეფორმა და მიმდინარე პროცესი, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესები. ამბობენ, რომ ამერიკაში ასეთი კანონი არსებობსო, რომელიც ასეთი მკაცრი არისო, ოღონდ ის ლობისტებს ეხება. ჩვენთან ამ კანონს ვერ გადმოვიტანთ, უბრალოდ იმიტომ რომ ლობიზმი გვაქვს აკრძალული. ასე უბრალოდ, სხვა სფეროდან აღებული კანონი ამოვიღოთ და მივუსადაგოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, უბრალოდ არასწორია,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

კანონპროექტის შინაარსს ემხრობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ევროპელი სოციალისტები". ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ისინი ამერიკულ კანონს მხარს უჭერენ. 

"აღმოვაჩინე, რომ ოცნებას კარგად აქვს დახელოვნებული სხვა ქვეყნის კანონის გადმოწერა. მაგალითად როგორიც ეს იყო უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. კანონი უკვე გამოცდილია, 1938 წლიდან მოქმედებს და თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კანონს ერთი ერთზე, ამით დიდ სიამოვნება ს მივანიჭებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

დღის ამბები