შეხვედრა ანკარაში - ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ამჯერად პირადად მიუსამძიმრა. რეგიონის ორი ლიდერის პირისპირ საუბარი პრეზიდენტის სასახლეში საათი და 20 წუთი გაგრძელდა.
შეხვედრა დახურული იყო და საუბრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერმა ტვიტერზე დაწერა, რომ თბილისი შემდგომი დახმარებისთვისაც მზად არის და თურქეთის პრეზიდენტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით კი, შეხვედრაზე თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონული საკითხებიც განიხილეს.
ამით ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი არ დასრულებულა. პრემიერი აპირებს მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში ჩასვლას, სადაც ამ დრომდე რჩებიან ქართველი მაშველები. ჯერჯერობით კი საქართველოს დელეგაცია ანკარაში რჩება.