უკრაინაში, ომის მეორე წლის ათვლა საჰაერო განგაშის ხმის ფონზე დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. თუმცა, პირველივე დღეს ნათელია, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას, როგორც ფინანსური და სამხედრო დახმარებით, ისე სოლიდარობით.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთა "ლეოპარდ 2-ის" ტიპის გერმანულმა ტანკებმა. მათ ადგილზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი დახვდა. გერმანული ტანკები უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთის ფრონტისკენ გაემგზავრებიან.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანას კიდევ უფრო მეტი იარაღი სჭირდება, რათა დაიცვას ხალხი და ინფრასტრუქტურა.
"თავიდან ტანკების ხსენებაც კი არავის სურდა. შარშან შემოდგომაზე კი დავინახეთ, რომ ჩვენი მიწების დაბრუნება შეგვიძლია. გადამწყვეტი იყო ხარკოვის რეგიონის დეოკუპაცია, ისევე როგორც ხერსონის - ამ წარმატებების გარეშე, ვფიქრობ, ვერ მივიღებდით ახალი ტიპის შეიარაღებას. უკრაინაში აქამდე ვერავის წარმოედგინა, რომ გვექნებოდა "პეტრიოტები", მაგრამ ახლა ჩვენ მათ ვიღებთ დახმარების სახით. იცით, რომ არსებობს სატანკო კოალიცია. ეს არის ხანგრძლივი, რთული პროცესი, რაც ერთადერთი სისუსტეა, რადგან დრო ნიშნავს მეტ ადამიანს, რომელსაც ვკარგავთ. შეიარაღების მიწოდების დაჩქარება ჩვენ გვსურს ჩვენი ცის, ხალხისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ნატოს შეიარაღება, რომელიც აქამდე არ გვქონია და ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ არ ვართ ალიანსის წევრები.
ვფიქრობ, დიდი მიღწევაა, რომ დავიწყეთ 155 მილიმეტრიანი არტილერიის მიღება. ჩვენი ხალხის დასაცავად ჩვენ გვჭირდება ჯავშანტექნიკაც. თუ ჩვენ არ გვექნება საკმარისი იარაღი დასავლეთიდან, რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს დავკარგავთ და მორალურადაც დავმძიმდებით, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. არც კი მინდა ამაზე ვიფიქრო. ჩვენ ძალიან გვინდა გამარჯვება, - რადგან ამას ვიმსახურებთ. გამარჯვების დღე იქნება ყველაზე ბედნიერი დღე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა უკრაინელისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.