20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
გამოსახლება სასამართლოს ნებართვის გარეშე შესაძლოა აიკრძალოს

პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი კანონ-პროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, კერძო საკუთრებიდან მოქალაქის ძალით გასახლებას წინ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა უძღოდეს. გამოსახლებისთვის მხოლოდ პოლიცია ვეღარ იმოქმედებს. ეს ნორმა შეეხება იპოთეკის, ნასყიდობის, საგირავნო ან სხვა სახის სახელშეკრულებო პირობების შეუთანხმებლობის შემთხვევებს. საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ გამოსახლების პროცესს მეტი ლეგიტიმაცია ექნება.

გამოსახლების პროცესში სასამართლოს ჩართვის ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთრების უფლების დარღვევის საფრთხეს ხედავს ოპოზიციის ნაწილი.

კერძო მესაკუთრეების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ სასამართლო პროცესები გამოსახლებას გააჭიანურებს, ამით კი რეალური კერძო მესაკუთრის უფლებები დაირღვევა. ახალი ინიციატივის წამოყენების მიზეზები და მოტივი გაუგებარია სახალხო დამცველისთვისაც. ინიციატივას ეწინააღმდეგება საბანკოს სექტორიც.

კანონ-პროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები