უკვე მეორე დღეა საქართველოს 130 მოქალაქე ანატილიიდან თბილისში გამოფრენას ელოდება. მათ შორის არიან ბავშვები. ისინი თურქეთის კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასული. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც მათი თქმით ავიაკომპანია "აირზენამ" რეისის შესრულებაზე უარი თქვა.
მიზეზი მგზავრებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო, რეისის შერულების დრო კი რამდენჯერმე შეიცვალა. მათ ინფორმაცია ვერც ტურისტული კომპანია ALLTOURS-გან მიიღეს, რომლის მეშვეობითაც გაემგზავრნენ ისინი ანტალიაში.
როგორც გაირკვა, ALLTOURS-ს ავიაკომპანია AIRZENA-ს დავალიანება აქვს, რაც რეისის ჩაშლის მიზეზი გახდა და ლაინერი თბილისიდან ანტალიაში აღარ გაფრინდა მგზავრების ჩამოსაყვანად. ამის შემდეგ კი აეროპორტში დარჩენილი მგზავრები სასტუმროში გადაიყანეს, სადაც მათი თქმით, გაუსაძლისი პირობებია.
რეისი გუშინ დილის 10 საათზე უნდა შესრულებულიყო. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავის გამოფრენა თბილისიდან შუადღისთვის იგეგმება. ტურისტებისა და რეისის გადადების შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს კონსულიც.