ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა 26 კლუბის მოთხოვნა ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ამ კლუბების ბედი აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, ეს სხდომა სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
"აღმასკომმა ჩათვალა, რომ კლუბებს არჩევნების წინ გაწევრიანების საშუალება არ მიეცემათ. ამისთვის საჭიროა რიგგარეშე ყრილობა, რასაც არ ვეთანხმებით. კერძო მესაკუთრე კლუბების უფლება არის იყვნენ წევრები. ყველამ აგოს თავის წილი პასუხისმგებლობა, მე ვიყავი წინააღმდეგი,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.
გამართული სხდომის შედეგით უკმაყოფილოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია. ის აღნიშნულ საკითხზე ლევან კობიაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
"უნდა შევხვდე ჩემს თანამზრახველებსაც, მათ შორის ლევან კობიაშვილსაც. ამ ხალხს საკუთრებათ მიჩნიათ ეს შენობა და ქართული ფეხბურთი ასე გაგრძელება არ შეიძლება,"- აცხადებს მამუკა კვარაცხელია.
სხდომის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმაც გააკეთა განმარტებები.
"ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე უარი არ გვითქვამს დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი სრულად. დეკემბრამდე იქნება რიგგარეშე ყრილობა და იქ განვიხილავთ ამ საკითხებს,"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ.