20 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ღარიბაშვილი კახელების აქციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართულს, აქციის მონაწილეებს კი პროვოკატორებს უწოდებს

გლეხების საპროტესტო აქციებს პრემიერმინისტრმა ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული, აქციის მონაწილეებს კი პროვოკატორები უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით უკმაყოფილო გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის აქტიურობით არის. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს დავალება მთავრობის სხდომაზე მისცა და რთველთან დაკავშირებული აქციების მკაცრად გაკონტროლება მოსთხოვა.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს დაანონსა, რომ რთველსა და ყურძნის ფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე უმცირესობა აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერმინისტრის განცხადებაზე რეაგირება პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვა.

პრემიერმინისტრის გამართლებას დავით უსუფაშვილი შეეცადა და ნაციონალურ მოძრაობას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უმცირესობის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეახსენა.

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტება ყურძნის ფასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ბაზარზე მოსავლის დაბალ ფასს ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში - უკრაინასა და რუსეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ღვინის ქარხნებს გასულ წელს წარმოებული პროდუქციის 60% ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები