საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, დამატებითი შეშფოთების საგანი გახდა სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილებაც. ამან კი აქამდე ბანკის დამოუკიდებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ფინანსური სტაბილურობის თაობაზე შეშფოთებაც დაუმატა. ფონდი აცხადებს, რომ აუცილებელია პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" წარმომადგენლები საქართველოში ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას თითქმის მთელი წელია გამოხატავენ.
უთანხმოების თაობაზე პირველად 2022 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა ფონდს ეროვნული ბანკის უმაღლეს საზედამხედველო ორგანოში - საბჭოში, აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ბალანსის დარღვევა აწუხებდა. თუმცა, ამ წლის გაზაფხულზე, ფონდის წარმომადგენლების შეშფოთებას უკვე სტრუქტურული ცვლილებების სამზადისიც დაემატა.
გასული წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. ივნისში კი საქართველოს ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო მალევე დაძლია.
დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, ბანკის საბჭოს სტრუქტურა ისე იცვლებოდა, რომ ბევრის აზრით, კითხვის ქვეშ დადგა მასში წევრთა ბალანსი და შესაბამისად, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხი. ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს დაემატა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პრეზიდენტის არყოფნისას.
ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ბანკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ჩაანაცვლა. ფონდი ამ პროცესში პარლამენტს ვეტოს დაძლევაზე უარის თქმისკენაც კი მოუწოდებდა და ამბობდა, რომ ბანკის მიერ "სტაბილურობის ღუზის“ როლის შესრულებას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა.
პროგრამა, რომელიც ბანკში განვითარებული მოვლენების პარალელურად, განხილვის საგანი გახდა, ქვეყნის მთავრობასა და ფონდს შორის 2022 წლის გაზაფხულზე მიღწეული შეთანხმების შედეგად მოქმედებდა. მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა (Stand-By Arrangement) სესხის სახით, საქართველოსთვის 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. პროგრამის მიმდინარეობისას, ფონდის შიგნითვე, პერიოდულად მისი ფუნქციონირება და წარმატება უნდა შეფასდეს.
მაისში პროგრამის მეორე მიმოხილვა დასრულდა, მაგრამ დახმარების გამოყოფის და მეორე ტრანშის გადარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში უნდა მიღებულიყო, ფონდის საბჭომ გაურკვეველი დროით გადადო. საქართველოს ამ ეტაპზე ფონდისგან 40 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. მაშინ ფონდის წარმომადგენლები "ამერიკის ხმას“ ეუბნებოდნენ, რომ აწუხებდათ ფონდის დამოუკიდებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ამ ორი პრინციპის დაცვის დაპირებები მიიღეს.
თუმცა ამგვარი დაპირებების და ფონდის მიერ ღიად გამოთქმული შეშფოთების, თუ დროებით შეჩერებული ტრანშის ფონზე, ეროვნულ ბანკში ცვლილებები გაგრძელდა.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუკი მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ქართული სასამართლო გამოიტანს.
მანამდე, 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რომელსაც ამის გამო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება უნდა შეზღუდოდა.
ეროვნულ ბანკს და ამერიკის დიპლომატიურ უწყებას პარალელურად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და სხვა ლიდერები. კომერციული ბანკები განმარტავდნენ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში დარჩებოდნენ. ნათია თურნავა კი პასუხად ამბობდა, რომ კომერციულ ბანკებს არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ რეგულატორს. მისი განმარტებით, ამ ორს შორის განსხვავება არ არსებობდა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნიუანსები არ ნიშნავდა საერთაშორისო ვალდებულებებთან წინააღმდეგობას.
გასულ კვირას ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ფონდის კონკრეტული პროგრამა შეჩერებულია და მთავრობა "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა დროულად აღდგეს". თურნავა ამას სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომას უკავშირებს და ამბობს, რომ კითხვების გაჩენა ლოგიკური იყო.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პრესსპიკერმა "ამერიკის ხმას" განუმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები დაამტკიცა, "რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და ეწინააღმდეგებოდა "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" გუნდის რეკომენდაციებს," - ამბობს ფონდის პრესსპიკერი "ამერიკის ხმასთან" საუბარში. ის დასძენს, რომ პრობლემური იყო სულ ბოლოდროინდელი ცვლილებაც სანქციებთან დაკავშირებით:
"უფრო ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა," - განმარტავენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდში".
"სანერვიულო არაფერი გვაქვს“, - ეს კი უკვე პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებაა. საქართველოს მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ეროვნულ და კომერციულ ბანკებთან მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია აქვს და არც საბანკო სისტემას და არც საერთოდ საფინანსო ინსტიტუტებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან უცხოელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი სამაგალითო სისტემაა შექმნილი და არც სანქციების დარღვევის რაიმე ფაქტი დაფიქსირებულა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ, შესაძლებელია პროგრამა აღდგეს. „შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს" , - განაცხადა თურნავამ "პალიტრანიუსის“ ეთერში.