14 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
საშუალო წლიური ხელფასი წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა - რა მეთოდით ითვლის "საქსტატი" მონაცემებს

რა თანხას გამოიმუშავებენ დასაქმებულები ყოველთვიურად - მონაცემებს საქსტატი ორი განსხვავებული მეთოდით ითვლის. ყველა დასაქმებული გასულ წელს საშუალოდ 1543 ლარს იღებდა, რაც წინა წელთან შედარებით 18.3%-ით მეტია.

სად არის რეალურად საშუალო ანაზღაურების ნიშნული დასაქმებულთა ძირითად მასაში - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მედიანური ხელფასის ტერმინი და გამოთვლის შესაბამისი მეთოდი გამოიყენება. მედიანა უკიდურესად მაღალ და დაბალ ხელფასებს არ ითვალისწინებს და ზუსტად შუა ვარიანტს გვაჩვენებს. საქსტატის მიხედვით, ეს თანხა 2022 წელს ყოველთვიურად 1040 ლარი იყო.

საშუალო ანაზღაურების ზრდის სტატისტიკა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ ხელფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია სამუშაო ადგილების რაოდენობის, შესაბამისად კონკურენციის ზრდასთან.

დადებითი დინამიკის შენარჩუნების პროგნოზი აქვთ ფინანსთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდის და ინფლაციის ნიშნულის გათვალისწინებით 2023-ის შეჯამებისას საშუალო ანაზღაურების მაჩვენებლები კიდევ იქნება გაზრდილი.

საქსტატის მონაცემები საინტერესო მიგნებების საშუალებაა ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსებისთვის. ისინი ხელფასების ზრდის დინამიკას სფეროების მიხედვით აკვირდებიან. შედეგები კავშირშია ისეთ სფეროებთან სადაც ყველაზე მეტია პირდაპირი ინვესტიციები. ექსპერტები ცალკე აღნიშნავენ განსხვავებას კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურებას შორის.

2022 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით, 238 ლარით გაიზარდა და 1 543 ლარი შეადგინა. მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 15.6 პროცენტით, 1040 ლარამდეა გაზრდილი.

დღის ამბები