საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფორუმის მიმართ დაინტერესება 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს როლი იზრდება.
დავითაშვილის განმარტებით, "საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო და დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, ინვესტორებისთვის მიმზიდველია".
"დღეს ვხედავთ, რომ პოსტპანდემურ პერიოდში ფორუმის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი, ისეთი როგორც არასოდეს აქამდე. ჩვენ გვყავს 2 000-ზე მეტი მონაწილე ძალიან ბევრი ქვეყნიდან, ჩამოსულია 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მონაწილეობა, არამედ ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ძალიან აქტიურ ჩართულობას. ჩვენ, წინა დღეებში გვქონდა შეხვედრები დელეგაციებთან, გვყავს ბიზნესები აშშ-დან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან, რეგიონის ქვეყნებიდან. ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს, ეს, ალბათ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, ინვესტორებისთვის მიმზიდველია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.