"ჩვენ შეგვიძლია, გავდოთ ხიდები არა მარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით – ეს გულისხმობს კარგ კოორდინაციასაც – არამედ ისიც უნდა გავიგოთ, საიდან და როგორ მოდის ჩვენთან ტვირთები, როგორ ხდება გადაზიდვა. შეიძლება, ეს იყოს ჩინეთიდან, მაგრამ ასევე გვაინტერესებს კავშირი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც,"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე "შუა დერეფანი".
ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ, არსებული გამოწვევების მიუხედავად, შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული – სარკინიგზო, საზღვაო. ბევრი დაინტერესებული მხარეა კერძო სექტორიდან და ამიტომ, მუშაობის პროცესში კოორდინაცია უმთავრესი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი“, საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა, სპიკერთა მაღალი დონის გუნდი მონაწილეობს: რაშად ნაბიევი – აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო.
"აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი კლიენტი და მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტს შეიძლება მოკლევადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს, დაჩქარდეს ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფანში, მაგრამ აუცილებელია, რომ გამოყენებული იყოს ყველა ის წინაპირობა, რომელიც არსებობს. „მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.