"აბრეშუმის გზის" ფორუმი გრძელდება, დღეს მეორე დღეა. მთავარი საკითხი საინვესტიციო გარემოს განხილვაა. ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები უკვე დაიწყო. ფორუმზე წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოეთიდან ჩამოსული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
"ჩვენ ყველა ვსაუბრობდით ჩვენს მოსაზრებებზე, ჩვენს გამოცდილებაზე და ხაზი გავუსვით ფანტასტიურ პერსპექტივებს, რომლებიც აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც აქ ინვესტიციებს ახორციელებენ. ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ 2022 წლის დასაწყისში „ჯორჯიან გლობალ უტილიტისში“, ეს არის ჯგუფი, რომელიც ფლობს GWP-ს და ასევე რუსთავის წყლის კომპანიას. ჩვენ გვაქვს ინვესტიციების ძალიან ამბიციური პროგრამა, როგორც თბილისში, ისე რუსთავში და ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ეფექტიანობას. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ წლებში ეს კომპანიები იყოს ევროპაში საუკეთესოებს შორის," - აცხადებს წყლის საერთაშორისო კომპანია "აკვალიას" რეგიონული დირექტორი, ენრიკე ბოფილი.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პანელზე რამდენიმე ძალიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
"დღევანდელ პანელზე იყო წარმოდგენილი რამდენიმე ძალიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასეთები ტიპის პანელზე რომ ასეთი მსხვილი დიდი ორგანიზაციები ყოფილიყვნენ, რომლებიც დადებითად აფასებენ საქართველოს ეკონომიკას და პერსპექტივას, რომელიც გვაქვს, აქამდე არ მახსენდება და ეს თავისთავად, ძალიან სასიხარულოა. ხელშესახები არის ინვესტიციების ზრდა, რასაც ბოლო ორი წელიწადია ინტენსიურად ვხედავთ და ეს მგონი იქნება ზვავის ეფექტივით," - აცხადებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.