საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67.4%-ით გაიზარდა და 2 097.9 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი ინვესტიციები დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და აშშ-დან შემოვიდა. 2022 წელს დიდი ბრიტანეთიდან ინვესტიციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა და 437 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ესპანეთს, ნიდერლანდებსა და აშშ-ს, ამ ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაიზარდა. საქართველოში ესპანეთიდან ინვესტიციების სახით 360.5 (მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდებიდან 196.2 (მლნ. აშშ დოლარი) და აშშ-დან 176.5 (მლნ. აშშ დოლარი) შემოვიდა.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების ხვედრითი წილი გაზრდილია. 2022 წელს საქართველოში შემოსულ ინვესტიციათა 45.9% ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელს 28.5%-ს შეადგენდა. უმნიშვნელოდ გაიზარდა ინვესტიციათა რაოდენობა დსთ-ს ქვეყნებიდანაც. აღნიშნული მონაცემი 2022 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (7.7%) 8%-მდე გაიზარდა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში, უძრავ ქონებასა და წყალმომარაგებაში განხორციელდა. საფინანსო სექტორის ხვედრითმა წილმა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (37.5%) დაიკლო და მთლიანი ინვესტიციების 25.6% შეადგინა. წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით 17.5%-მდე გაიზარდა უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციების ხვედრითი წილი. მნიშვნელოვნად, 9.4%-მდე გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგებაშიც.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ყველაზე მეტი - 1 883.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქალაქ თბილისში განხორციელდა, ხოლო ყველაზე მცირე, 0.8 მილიონი დოლარის ღირებულების - რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთში.