ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
იან კელი ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით ვუთანაგრძნობ რიგითი ყულიჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების - ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულიჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება“. - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.