"მაღალი, სპორტული აღნაგობის, მელოტი, შავი ფერის სპორტულებით და ბოტასებით,"- ასე აღწერს 14 თვის შემდეგ რუსთავი 2-თან საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილი პირს, რომელიც მისი ძმის გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილთან ახლოს დაახლოებით იმავე დროს იმყოფებოდა.
ასე დეტალურად ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნულ პირზე ტელეკამერებთან დღეს საუბრობს, თუმცა მან ვიდეოკადრებზე აღმოჩენილი პირის შესახებ თავისი ვიდეოკდრებით ინფორმაცია გამოძიებას გაცილებით ადრე მიაწოდა. როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, პროკურტურა "მხრებს იჩეჩავს" და ამბობს, რომ მათ ვერ დაადგინეს, თუ ვინ არის აღნიშნული პიროვნება.
"ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი ფიზიკური კონდიციების გამო გახდა ჩვენთვის საინტერესო და ასევე იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილზე ძალიან ახლოს იყო იმ დროს, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ეს არის მაღალი, სპორტული, მელოტი, შავი ფერის სპორტულებში ბოტასებით. ბუნებრივია გაგვიჩნდა კითხვები ვინ არის, აქ რა უნდა, მაგრამ იდენტიფიკაცია ვერ მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მხრებს იჩეჩავს გამოძიება ამბობენ, რომ მათთვისაც საინტერესოა, თუმცა შედეგი არ არსებობს. როგორც ისინი ამბობენ, მათ გამოიყენეს ყველა რესურსი, რაც საშუალებას მისცემდათ ამ პირის იდენტიფიცირებისათვის, მათ შორის ბაზის მეშვეობით მოძებნეს, თუმცა ვერ მოახერხეს მისი იდენტიფიკაცია,"- ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.