სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მედიის საქმიანობაში - ამ შინაარსის რეკომენდაციები ხელისუფლების მისამართით ეუთო-ს ეგიდით გამართულ რეგიონალურ მედიაკონფერენციაზე შეიმუშავეს.
კონფერენციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსთავი2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები იყო.
საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და სასამართლო დავა აუცილებალდ გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
„ვფიქრობ, რუსთავი 2 საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემის მიმართ ძალიან კარგად ახერხებს. იმედი მაქვს ეს პრობლემა გადაიჭრება,“ - განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა მედიის საკითხებში ბეტინა გრეიგრისმა.
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ-პროფესორის მაია მიქაშავიძის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც რუსთავი 2 არის ნომერ პირველი ტელევიზია, რომელზედაც დამოკიდებულია საქართველოს მოსახლეობა, ძალიან საშიშია ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს რუსთავი 2 -ის მაყურებლების უფლების შეზღუდვას მიიღონ პლურალისტური ფაქტები და შეხედულებები.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვგრძნობთ ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა იმისთვის, რათა გააჩუმონ ყველაზე კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია წინასაარჩევნო პერიოდში. რეზოლუციაში ეს ფაქტი აღნიშნულია და რეკომენდაციას აძლევენ მთავრობას, რომ ხელი შეუწყონ მედია თავისუფლებას საქართველოში," - განაცხადა რუსთავი 2-ის საგარეო ურთიერთობათა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნაკაშიძემ.
კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციები უახლოეს მომავალში მთავრობას გადაეგზავნება.
ავტორი: ნატა მახვილაძე