საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel, Le Monde-ის წარმომადგენლები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. დედაქალაქი, პირველად, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მასპინძლობისთვის ემზადება.
ღვინის მუზეუმი და მარნები, ტაძრები და დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს, დღის ბოლოს კი, ქართული ღვინო და კერძებიც დააგემოვნეს. მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე, ეწვევიან კახეთსაც.
ქართული გასტრონომიითა და კულტურით დაინტერესებული მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გააშუქებენ. მასშტაბური ღონისძიების მასპინძელ ქვეყანაზე კი სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. უცხოელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით აღნიშნავენ.
ტურიზმის მსოფლიო დღე 27 სექტემბერს აღინიშნება. თბილისი მაღალი რანგის ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა. დედაქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვევიან. ღონისძიებას კი საქართველოს პრემიერ მინისტრი გახსნის. მასშტაბურ შეხვედრის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინმომხმარებელი გაიგებს.
საქართველო, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. წლევანდელი სლოგანი კი "ტურიზმი და მშვიდობაა".