14 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
"სებ-ი მომავლისკენ ორიენტირებული რეგულატორია, რომელიც ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობს" - სალიმ დანანი

საქართველოს მომავლისკენ ორიენტირებული ეროვნული ბანკი ჰყავს - აღნიშნული სფერო ძალიან კარგ ხელშია - ამის შესახებ "პეივ ბანკის" თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სალიმ დანანმა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს "პეივ ბანკს".

"მე არაერთი ქვეყნის რეგულატორთან მქონია შეხება ჩემი კარიერის განმავლობაში და თქვენ, ქვეყანაში მომავლისკენ ორიენტირებული მარეგულირებელი გყავთ. ყველაფერს ოპერაციულად ეფექტურს ხდიან, ბიზნესისთვის ქმნიან ინფრასტრუქტურას და ციფრული აქტივების წახალისებას ცდილობენ.

ისინი გვისმენენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენი ციფრული კომპანიისთვის ეს არის ძალიან კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავფუძნდით საქართველოში და ამიტომ ვაშენებთ ურთიერთობებს ამ ქვეყანაში", - განაცხადა სალიმ დანანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უახლეს ციფრულ ბანკებს - "ჰეშს" და "პეივ ბანკს" კოდები მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კოდებით ციფრული ბანკები ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა ჯამში 18 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 ციფრული ბანკია. სებ-ი რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურ საზედამხედველო მიდგომას და ღია რეგულირების პრინციპებს ნერგავს, ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით კი, ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საფინანსო სექტორში ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლით კონკურენციის ზრდას.

დღის ამბები