14 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ტურიზმის სფეროსთვის"- მარიამ ქვრივიშვილი

"ტურიზმი  მშვიდობის დროს, ჰარმონია  და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი.  კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის, როგორც მან აღნიშნა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. მან აქცენტი გააკეთა ხალხთა და კულტურათა კავშირების კუთხით ტურიზმის დარგის დიდ პოტენციალზე, მის მნიშვნელობაზე.

„ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც მშვიდობა იმაზე  მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უბრალოდ ცნებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღირსების დაცვა, ჩვენი თავისუფლების დაცვა. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ასევე მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მშვიდობით შევძლებთ ჩვენი დების და ძმების შემოერთებას ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერთად  დავიწყებთ აყვავებული მომავლის შენებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველო წელს პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა - დღეს  თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში  ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან.

დღის ამბები