რა ითქვა საქართველოზე ევროპარლამენტში და როგორია დებატებზე პოლიტიკური შეფასებები თბილისში? - არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.
ოპოზიცია ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს კრიტიკაზე, რომელიც არჩევნების სავარაუდო დარღვევებს და ორი კანონის უკან გაწვევას შეეხება.
რაც შეეხება ევროპარლამენტში გაკეთებულ სხვა შეფასებებს, სადაც ევროდეპუტატთა ნაწილი საუბრობდა, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ოპოზიციის შეფასებით, ყველა ასეთი განცხადების ავტორი მემარჯვენე რადიკალი და ევროსკეპტიკოსია.
"უნდა ვიცოდეთ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს. ესენი არიან მემარჯვენე რადიკალები, რომლებიც მეტწილად გამოირჩევიან მსგავსი ტიპის განცხადებებით.
ჩვენ ვნახეთ, ევროპარლამენტის უმრავლესობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი დებატები. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში ეს დებატები," - განაცხადა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.
"მანიპულაციას არ შევეცდებოდი იმით, რომ რამდენიმე დეპუტატმა, რომელიც არის ზოგადად ევროსკეპტიკოსი, წარმოადგენს მარგინალურ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ჯგუფებს. ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის პოზიციაა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ევროკავშირი ელოდება, რომ შესრულდეს ყველა ის პირობა, რაც იქნა ჩადებული ევროკავშირის მიერ - 9 პირობას ვგულისხმობ. ამასთან, ელოდება ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.