06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
8 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა - ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის რიგით მესამე განკარგულება დაბლოკა

ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის რიგით მესამე განკარგულება დაბლოკა, რომელიც 8 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს. განკარგულება დღეს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა სასამართლოს ჰავაის შტატმა მიმართა, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტი საემიგრაციო კანონის თანახმად ამგვარი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილი არ არის.

ფედერალური მოსამართლეც დაეთანხმა და განკარგულება შეაჩერა. თუმცა შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახური კონტროლს ამკაცრებს, განსაკუთრებით იმ ობიექტებზე, სადაც არალეგალებს ასაქმებენ.

ვაშინგტონში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მოქმედი დირექტორის თომას ჰომანის განაცხადებით, 2017 წლის იანვრის შემდეგ 100 000-ზე მეტი არალეგალი დააკავეს.

საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა საზღვრის კონტროლის და კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად ხაზი გაუსვა, იმ არალეგალების წინააღმდეგ ზომების გატარებასაც, რომლებიც შეერთებულ შტატებში წლებია არიან და აქ შვილებიც ჰყავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, იქნება გზავნილი, რომ მათ ფედერალური კანონის დაცვა არ ევალებათ.

საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებაზე პრეზიდენტის ინიციატივებს უამრავი კრიტიკოსი და მომხრე ჰყავს. „ჰერითიჯის“ ფონდის ანალიტიკოსმა
დღეს ისაუბრა არალეგალთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელთა თავიდან აცილება, მისი თქმით, შესაძლებელი იქნებოდა, თავის დროზე დეპორტი რომ განხორციელებულიყო.

აშშ-ს 2016 წელს საიმიგრაციო სამსახურმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებზე 240 000-ზე მეტი პიროვნება გამოავლინა და გააძევა. ქვეყნის შიგნით დაკავებულ და გაძევებულთა უმეტესობას, ოფიციალური მონაცემებით, კანონთან პრობლემები ჰქონდა.

დღის ამბები