20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ოპოზიცია ევა გოცირიძეს ხელისუფლების დავალების შემსრულებელს უწოდებს 

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე უნდა დაამტკიცოს. სტრასბურგის მიერ დაწუნებული იურისტის გამწესებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური ფრაქციები და გოცირიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.

„ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების, პოლიტიზაციის და დეგრადაციის. ეს არის მესამე ტალღა. პირველი, ჩაინერგა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები, მეორე, დეპუტატები გადავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და მოირგეს მოსამართლის მანტია და მესამე ეს არის, აშკარად ხელისუფლების ნებისმიერი წინადადების შემსრულებელი პიროვნება გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ევა გოცირიძის პოზიცია არა ერთ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საკითხთან მიმართებაში მიუთითებს იმაზე, რომ ისე საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ინტერესებს გაატარებს.

პარტიის წევრებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკითხის კენჭისყრიდან მოხსნა მოითხოვეს, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ევა გოცირიძის წარდგენა არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მორჩილების ქვეშ მყოფი ადამიანების საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნა არის ძალიან კომფორტული „ქართული ოცნებისთვის“, იმისთვის, რომ მომავალში იქნება ეს თავისუფალ მედიაზე თუ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევა, რომ განახორციელოს ისე, რომ ჰქონდეს იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში მისთვის პოლიტიკურად მისაღები გადაწყვეტილების მიღების,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ევა გოცირიძე კომპეტენტური და კვალიფიციური კადრია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარებაზე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაპარაკობს, ეს საერთოდ ყველა საზღვარს სცილდება ლოგიკის. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ეს არის ადამიანი, რომელიც მაღალი დონის ექსპერტია, სასამართლო სისტემას იცნობს შესანიშნავად და უამრავი სამართლებრივი მიმართულების სპეციალისტი მას კარგად იცნობს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები