საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის უფროსთან ერთად, თბილისის მერს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე თბილისის საცობებისგან განტვირთვის თემაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიას განცხადებით, დაიგეგმა ის კოორდინაციის მექანიზმები, რომელიც კარგად იმუშავებს და ქალაქის განტვირთვის გარანტი იქნება.
„ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზედ ეფექტურად უნდა იმუშაონ და ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ქვეითების მოძრაობის მოწესრიგება,“ - შს მინისტრმა განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისის მერის განმარტებით, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით გეგმა უახლოეს მომავალში იქნება. კახა კალაძის თქმით, ასევე მოხდება მოლაპარაკებების დაწყება სადისტრიბუციო კომპანიებთან.
„მერიამ უკვე "თბილსერვისს" და მის ხელმძღვანელს დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინონ ნარჩენების გატანის გეგმა. განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს, რომ არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში. ასევე დღეს ჩვენ გვქონდა საუბარი შს სამინისტროსთან, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში,“ - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.