საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება ბიუროკრატიულ ხარჯებს არ გაზრდის. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან იმ ცვლილებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც საკრებულოებში ახალი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის, რაც ანაზღაურებადი პოსტი იქნება.
კობახიძე ამბობს, რომ ხარჯების გასული სამი წლის ხარჯებთან შედარება მოხდა და დადგინდა, რომ ხარჯები ზრდის ნაცვლად მცირდება.
„ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და შევადარეთ ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს, რომელსაც მივიღებთ ჩვენ კანონის მიღების შემდეგ. ზრდა არ იქნება, პირიქით შემცირდება შესაბამისი ხარჯები. რაც შეეხება თვითონ ამ ინიციატივას, მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა და მე ვიტყოდი, რომ პროპორციულად აისახება ეს, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიის ინტერესებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.