20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმე გირგვლიანის ეპიზოდთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა

მიხეილ სააკაშვილის საქმე გირგვლიანის ეპიზოდთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა. დღეს ბრალდების მხარე სასამართლოს დასკვნითი სიტყვას აცნობს. შემდეგ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული 4 პირისადმი პრივილეგირებულ მოპყრობას და მათ ვადამდე ადრე გათავისუფლებას.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, ე.წ. გირგვლიანის საქმეზე განიხილავს მოსამართლე ჩემიას ყოფილი თანაშემწე, ცხადია, ნებისმიერ გონიერ ადამიანს აღნიშნული ლეგიტიმური ეჭვი გაუჩნდება და იარსებებს განსაკუთრებული შიში იმისა, რომ თქვენ აღნიშნულ საქმეზე ვერ იქნებით მიუკერძოებელი,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა.

პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, დღეს სასამართლო სხდომაზე „პოლიტიკური განცხადებებით ჟუნგლიორობა“ იყო და არა სამართლებრივი არგუმენტები. პროკურორის თქმით, საქმის არსებითი განხილვა უნდა გაგრძელდეს და დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული შუამდგომლობა, რომელიც გაჯერებული იყო სწორედ პოლიტიკური განცხადებების ელემენტებით და არა სამართლებრივი არგუმენტებით, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ეს არის სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების გაჭიანურება,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მოსამართლემ, გიორგი არველაძემ დაცვის მხარის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიკერძოებული არ არის და მის გადაწყვეტილებაზე არაფერი იქონიებს გავლენას.

„რაც თქვენ არგუმენტები ჩამოაყალიბეთ და მიუთითეთ, არის აბსოლუტურად მცდარი, უფრო მეტიც, დაგვიანებული. ერთადერთი, მგონია და მიმაჩნია, რომ თქვენ ემსახურებით რაღაც ფორმით გაჭიანურებას ან რაღაც გსურთ კიდევ ხელახლა დაიწყოთ მოქმედებები, ოღონდ ვერ ვხსნი ბოლომდე ამას,“ - განაცხადა გიორგი არევაძემ.

დღის ამბები