ბერი გაბრიელ სალოსი გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულები, მერიისგან ერთჯერადად 500 ლარის ოდენობის დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ეს თანხა ერთი თვის ბინის ქირისთვის ან ქურთუკის შესაძენად ეყოფათ. დაზარალებულები მერიისგან უფრო მეტ რეაგირებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ მერია 500 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულ 8 ოჯახს გადასცემს. დახმარებას მიიღებენ იმ სახლის მეპატრონეები, რომლებსაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი მთლიანად გაუნადგურდა.
საუბარია N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრებ 35 მოქალაქეზე. მერიის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.
ოპოზიცია კი, ქალაქის მერს და დედაქალაქის მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, დაზარალებულებს 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარი უნდა გადასცენ.