20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა, ევა გოცირიძის საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტში ევა გოცირიძის კანდიდატურა უკვე წარადგინეს. თუმცა, მანამდე საკითხის განხილვის გადადებას სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველო“ ითხოვდა.

უმცირესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ჩქარობს და ევა გოცირიძემ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ საზოგადოებაში არსებობს.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე უმრავლესობას მოსამართლის არჩევის დაჩქარების გამო აკრიტიკებს.

„თქვენ უპრეცენდენტოდ, ძალიან მოკლე ოთხდღიან ვადაში გსურთ აირჩიოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე... თქვენი სიჩქარის ნამდვილად გვესმის, თქვენ თავადაც გეუხერხულებათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაასახელოთ ქალბატონი ევა გოცირიძე, რომელიც მუდმივად თქვენი პოლიტიკური მოკავშირე იყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკური შეტევის წამოწყებისას, თუნდაც,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მმართველმა პარტიამ საკითხის განხილვის გადადებაზე უარი თქვა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ოპონენტებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მოსამართლის არჩევის ვადა პირველი დეკემბერია.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი უმრავლესობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან განხილვები აუცილებელია. მან ასევე, ამ საკითხის განხილვის გადადება და კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ 2016 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა ყოფილ მმართველ პარტიას ჰქონდა.

დღის ამბები