20 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
პოლიციის რამდენიმე ჯგუფი ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულთან - ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დაკავებულები არიან

პოლიციის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ამ წუთებში ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულთან.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ყაჩაღური ჯგუფის 2 წევრი, რომლებიც ე.წ. "კანონიერი ქურდის", ზედმეტსახელად „გულის“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ.

ყაჩაღური ჯგუფის 5 წევრიდან ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, სამი კი - საქართველოს.

სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 90 ათასი ამერიკული დოლარი.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს ხარაგაულის რაიონში შეიარაღებულმა პირებმა წაართვეს მათ კუთვნილებაში არსებული 190 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის თანხა.

ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ერთ-ერთი ავტომანქანა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ძებნა, მათ შორის, ტყეშიც მიმდინარეობდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები