20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"კოდორი 2007"-ის სპეცოპერაცია - სამხედრო მაღალჩინოსანმა, ვანო ნადირაძემ, საქართველოს დატოვებამდე "კურიერს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა

ხმაურიანი სპეცოპერაციების მონაწილე სამხედრო მაღალჩინოსანმა, ვანო ნადირაძემ, ქვეყანა დატოვა და წასვლის წინ „კოდორი 2007“-ის შესახებ კურიერს ხმაურიანი ინტერვიუ მისცა.

კურიერთან ვანო ნადირაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარულად თანამშრომლობს და მოსკოვს იმ ქართველი სპეცრაზმელების განეიტრალებაში ეხმარება, ვინც რუსეთის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი.

წარმატებული სპეცოპერაციის უშუალო მონაწილეების უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ვანო ნადირაძე თვლის, რომ ის შემთხვევით გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ „კოდორი 2007“-ის მონაწილეებზე გამოცხადებული ნადირობისას საქართველოში არ იყო.

ქართველი მებრძოლი იხსენებს, რომ უშუალოდ „კოდორი 2007“-ში მას მონაწილეობა არ მიუღია. ის სპეცრაზმელებს ინფორმაციას და დივერსანტების გადაადგილების კოორდინატებს აწვდიდა.

ვანო ნადირაძე ამბობს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეთა მიმართ შურისძიების მიზნით რუსეთის სპეცსამსახურებმა მკვლელები დაიქირავეს. ის ამბობს, რომ საეჭვო ქმედებები ამ მიმართულებით უკვე ახალი ხელისუფლებს პირობებში 2013-14 წლებში განხორციელდა. რამდენიმეთვიანი შუალედით „კოდორი 2007“-ის 5 მონაწილის საქმეებით ჯერ სამართალდამცველები დაინტერესდნენ. მოგვიანებით კი ისინი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ.

ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ამავე პერიოდში გარკვეული საეჭვო მოქმედებები მის მიმართაც განხორციელდა, თუმცა, უკვე უკრაინაში. ამბობს რომ ჯერ მისი მოკვლა სცადეს, მოგვიანებით კი სრულიად მოულოდნელად პოროშენკოს ხელისუფლებამ მისი ქვეყნიდან დეპორტაცია გადაწყვიტა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 17 ნოემბერს ის კიევის ცენტრში ერთერთი კაფედან გაიტაცეს და რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ საქართველოში გამოაძევეს.

ვანო ნადირაძე ახლა საკუთარი უსაფრთხოებისთვის იბრძვის. მომავალში არ არის გამორიცხული, სხვა გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად, იმ პირების დასჯა მოითხოვოს, ვინც რუსეთის სპეცსამსახურებს „კოდორი 2007“-ის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დღის ამბები