„ჩვენ არ გვექნება არანაირი საფუძველი, რომ კითხვის ქვეშ დავაყენოთ მინისტრთა კომიტეტის პოზიცია,“ - ეს განცხადება ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მინისტრთა კომიტეტის სამომავლო გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
ლომჯარიას თქმით, მინისტრთა კომიტეტის პოზიციას კითხვის ქვეშ არ დააყენებენ და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის შეფასება.
„ჩვენ ველოდებით მას იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს საერთაშორისო ინსტიტუტი არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ კითხვის ქვეშ დავაყენოთ მათი პოზიცია,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო სახალხო დამცველია, ნინო ლომჯარია არ ეთანხმება.
„ჩემთვის არ არის მისაღები ასეთი ფორმით და სტილით სახალხო დამცველის მოხსენიება. ვისურვებდი, რომ კრიტიკა რჩებოდეს კორექტულ ფორმებში და სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა დასაბუთებული იყოს,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრინციპულობას გამოიჩენს.
"ერთადერთი, რისიც მეშინია, არის ის, რომ არაკომპეტენტური და დაუსაბუთებელი განცხადებები არ გავაკეთო. ამიტომ, თუ დარწმუნებული ვიქნები ჩემს სიმართლეში, მე ვფიქრობ, რომ აქ საშიში ნამდვილად არაფერი იქნება," - განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას თქმით, არაფორმალური მმართველობა პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, არ იცის აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რომელიმე პირზე გავლენა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, მეგობარია, მაგრამ ეს მას ხელს არ შეუშლის მოვალეობის შესრულებაში ისევე, როგორც აქამდე არ უშლიდა.