საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი ესტუმრა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დორის ლოიტჰარდის პრეზიდენტის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდნენ.
შვეიცარიის პირველი პირი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. საუბარი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში წარიმართება.
პრეზიდენტები გამართავენ ერთობლივ ბრიფინგსაც. ლოიტჰარდი შეხვდება ასევე პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. შვეიცარიის პრეზიდენტი დღესვე გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების ხსოვნას.
„შვეიცარიას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოს და რუსეთის თემატიკაში და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ იქნება ოკუპაცია და ის პრობლემები, რასაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობაში ეკონომიკური კომპონენტი და მიმოხილული იქნება აბსოლუტურად ყველა ასპექტი თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს თანამშრომლობა,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ.