20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ევროკავშირთან ინტეგრაცია - პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრებს ესწრებიან კანონმდებლები 17 ქვეყნიდან, ასევე, საქართველოს მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტზე შესაძლებლობა გვქონდა გადაგვეხედა და შეგვეჯამებინა გასული ორი წლის განმავლობაში ერთად მიღწეული შედეგები და განგვესაზღვრა შემდგომი ნაბიჯები მომავალი თანამშრომლობისთვის... პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების რეგულარული შეკრება სამიტის ფარგლებში, ადასტურებს თქვენს ერთგულებას ამ ფორმატისადმი და მის პრიორიტეტულობას,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, დადებითად შეაფასა.

„ევროკავშირში აქტიური დებატები მიმდინარეობს ევროკავშირის მომავალზე, ინტეგრაციის საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს დებატები მისი შექმნის დღიდანაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც იღებდეს მასში მონაწილეობას,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირი და პარტნიორები“ ევროინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ტარდება, საქართველოში ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

დღის ამბები