20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ ძალადობრივი ფონი არსებობს ზოგადად, ქვეყანაში“ - უჩა ნანუაშვილი

„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომ ძალადობრივი ფონი არსებობს ზოგადად, ქვეყანაში,“ - ასე აფასებს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სისხლიან გარჩევას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

უჩა ნანუაშვილი მომხდარ ფაქტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატს არა ერთხელ დაუფიქსირებია, რომ ძალადობა არსებობს მოზარდებს შორის, თუმცა, ნანუაშვილის თქმით, შესაბამის უწყებებს რეაგირება არ ჰქონიათ.

„ის, რომ ზოგადად, არა ერთი მსგავსი ფაქტი მომხდარა, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის და აგრესიის გამოხატულებას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი სტრუქტურების რეაგირება არ იყო ადეკვატური. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ საკმაოდ სერიოზულ ხარვეზებს,“ - აცხადებს სახალხო დაცველი.

უჩა ნანუაშვილი მსგავსი ფაქტებისგან პრევენციის მიზნით, მომხდარის მიზეზების შესწავლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აუცილებელია შევისწავლოთ მიზეზები, თუ რა გახდა მიზეზი ამ ტრაგედიის და ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოში არის ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი. რეალურად, განათლების სისტემა უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს უფრო მეტად პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. ასევე, აუცილებელია შსს-ს ჩართვა ამ პროცესში და ასევე, სხვა უწყებების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ქმედებები უნდა იყოს კოორდინირებული,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

დღის ამბები