ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის შენობაში ევროპულ-რუსულ ფორუმს ესწრება. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დიმიტრი მედოევი ბრიუსელში დეპუტატ ტატიანა ჟდანოკის მიწვევით ჩავიდა.
შეხვედრაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავენ. გამომსვლელებმა მოხსენებები რუსულ ენაზე გააკეთა. დღეს შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სწორედ ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებაში ანტირუსულ პროპაგანდას და საჭიროა, რომ ევროკავშირმა პოლიტიკა შეცვალოს რუსეთთან დაკავშირებით.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისე განიხილავს და მისი თქმით, ამას მხოლოდ თბილისში არ აღიარებენ.
„მე აქ მომიწვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ევროპარლამენტის დეპუტატები შეეგუენ რეალობას. ყველა დეპუტატმა მშვენივრად იცის, რომ სამხრეთ ოსეთი აღიარებული ქვეყანაა, ეს ფაქტია, ამას არ აღიარებენ მხოლოდ თბილისში. საქართველოს ნახევარმა იცის, რომ სამხრეთ ოსეთი გამოეყო მას, ამის გაგება არ სურთ პოლიტიკოსებს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა,“ - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
ევროპარლამენტის დეპუტატი, პეტრას აუსტრევიჩუსი ევროპარლამენტში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს რუსული პროპაგანდის შედეგს უწოდებს.
"ამას კატასტროფას ვუწოდებდი. მოსკოვის ხელით შექმნილ უბედურებას. ისინი მიწვდნენ ძალიან შორეულ ადგილებსაც, პოლიტიკოსებსაც და ინსტიტუტებსაც. ევროპარლამენტში ჩვენ გვყავს ყოფილი ბოლშევიკები, რომლებსაც შეუძლიათ ღირებულებები ფულზე გაყიდონ. ეს არის რუსული პროპაგანდის, ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის კარგი მაგალითი. მსგავს შეხვედრებზე მოჰყავთ არაღიარებული სეპარატისტული ტერიტორიების წარმომადგენლები და ყიდიან. ეს არის "კაგებეს" მსგავსი "ეფესბეს" დაფინანსებული პროვოკაცია ბრიუსელში,“ - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.