ანტი ტერორისტულ სპეც ოპერაციასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. ვახტანგ გომელაურის შეხვედრა ე.წ. ნდობის ჯგუფთან საღამოს 9 საათზეა ჩანიშნული.
შეხვედრასთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ნდობის ჯგუფი ვახტანგ გომელაურს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას დაუსვამს.
„ეს იქნება პირველადი ინფორმაცია იმ დაზუსტებულ მონაცემებთან, ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ჩემი აზრით, გადაამეტა იმ ზღვარს, რაც არის სახელმწიფო საერთო ინტერესები. ამას ვლაპარაკობ იმდენად, რამდენადაც, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ისევე თითოეულმა ჩვენგანმა დაადასტურა, რომ მაგალითად, არ ყოფილა იქ სხვა დამატებითი პირი, არ ყოფილა სპეც სამსახურის მონაწილეობა, მაგრამ ეს მიზანმიმართული ქცევა არის ალბათ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მორგებული,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ვახტან გომელაურის ე.წ. ნდობის ჯგუფთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათ ამ ჯგუფში წარმომადგენელი არ ჰყავთ. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვა არაკანონიერია და ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ანტი ტერორისტული ოპერაციის დეტალები უნდა იყოს განხილული.
„ამ მოსვლით, მათ უნდათ ჩაფარცხონ ჩატაევის საქმე, არ უნდათ რომ იყოს პოლიტიკური მოსმენა და იყოს დასმული ის შეკითხვები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ყველა დეპუტატს, თუნდაც დახურულ რეჟიმში და მითუმეტეს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, არ არის წარმოდგენილი ნდობის ჯგუფში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირაკლი აბესაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათი მხრიდან მწვავე შეკითხვები დაისმევა.
„ნდობის ჯგუფის დახურულ ფორმატში ბატონი გომელაური აპირებს, გასცეს თითქოს ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ამ შეკითხვებიდან არის დიდი უმრავლესობა, რომელზეც საჯაროდ არის პასუხი გასაცემი, მათ შორის პირველ რიგში, როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ მოხდა ამ რაოდენობის კონცენტრაცია და რა მიზანი ქონდათ მათ. დახურულ ფორმატში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა მწვავე შეკითხვა დავსვათ და არ მივცეთ საშუალება ბატონ გომელაურს, "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურად სასურველი პასუხები წარმოაჩინოს რეალობად,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.