20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ხალხმა ეს არ უნდა დაივიწყოს - დევიდ კრამერი

სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. ქართულმა მხარემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემების ექსპერტებს 2008 წლის ომის შედეგები გააცნეს.

დელეგაციის წევრები იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 9 წლის წინ რუსეთთან ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა ჩანს.

„საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ აქ არასდროს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ვნახე თუ რასთან უწევს გამკლავება საქართველოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის საფრთხე რუსეთის მხრიდან და ის, რასაც რუსეთი უკეთებს საქართველოს 2008 წლიდან. რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ხალხმა ეს არ უნდა დაივიწყოს,“ - აცხადებს ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი.

ადგილზე ქართულმა მხარემ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტუმრები მოდიოდნენ აქ და საკუთარი თვალით ნახულობდნენ უკანონო ოკუპაციას. ნახულობდნენ როგორც თავისუფალ, ასევე ოკუპირებულ საქართველოს. ჩემთვის აშკარაა და ნათელია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას და ვხედავთ თუ რამდენად რთულია ეს პრობლემა. საქართველოს ბრძოლისუნარიანობა მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის რეგიონში,” - განაცხადა "Heritage"-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ.

დღის ამბები