ოპოზიცია მოზარდი თაობის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და სკოლებში შესაბამისი ზომების გამკაცრებაზე საუბრობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მანდატურის სამსახურთან კოორდინაციით, მუშაობა მოზარდებთან უბნის ინსპექტორის ინსტიტუტმაც უნდა დაიწყოს.
„იმისთვის, რომ ბავშვი იყოს უსაფრთხოდ, თანაბრად უნდა იყოს მის უსაფრთხოებაში ჩართული, როგორც სკოლა, ისე შს სამინისტროს შესაბამისი უწყებები. მაგალითად უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რაღა თქმა უნდა კოორდინაციაში მანდატურის სამსახურთან და სკოლის ადმინისტრაციასთან,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნინო კვიტაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები თქმით, საბოლოო შედეგის მისაღებად აუცილებელია მანდატურის სამსახურის გაძლიერება.
„ვეთანხმები განათლების მინისტრს მის სულისკვეთებაში რომ მდგომარეობა არის საგანგაშო და ასევე ვეთანხმები იმაში, რომ მანდატურის სამსახური არის გასაძლიერებელი, რადგან 2012 წლის შემდეგ ეს სამსახური ჩამოიშალა,“-აცხადებს სერგო რატიანი.
სისტემის ცვლილების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს უმრავლესობაც და პირველ რიგში მხარდაჭერას საზოგადოებისგან ელის.
„ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ბევრი მიმართულებით. მათ შორის განათლების მიმართულებით, მათ შორის განათლების პრევენციის მიმართულებით. ამისთვის ჩვენ სახელმწიფომ ჩვენი ფუნქცია უნდა ვიკისროთ და განვახორციელოთ და ასევე საზოგადოების ძალიან დიდი გვერდში დგომა გვჭირდება,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე.