20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
„სააკაშვილი არის ბუზი, რომელსაც ფეხზე ძაფი მოაბეს და როცა საჭიროა მაშინ გააცოცხლებენ" - ზაზა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. როგორც მმართველ გუნდში განაცხადეს, უკრაინის მთავარი შეცდომა იყო, რომ მეგობარი ქვეყნის ძებნილი ადამიანი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

„უხერხული საყურებელია, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტს დაათრევს ხან სპეცრაზმი, ხან ხალხი,“ - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სპექტაკლსა და თამაშს უწოდებენ.

„სააკაშვილი არის ბუზი, რომელსაც ფეხზე ძაფი მოაბეს და როცა საჭიროა მაშინ გააცოცხლებენ, მოწევენ ამ ძაფს და რაღაც თემებს აცოცხლებენ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარია პიარი და ცდილობს, თავის პოლიტიკურ სვლებს შოუს ელემენტები შესძინოს.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კიევში განვითარებული მოვლენები არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი.

"საქართველოში ბევრი უფრო მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. აქცენტს გავაკეთბდი ჩვენს მნიშვნელოვან საკითხებზე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავებასა და მხარდამჭერების მიერ გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები უკრაინაში და არა თბილისში უნდა გაკეთდეს. 

„უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არსებობს. პოლიტიკური შეფასებები უკრაინაში და არა თბილისში უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა არსებობს. საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს, შემდეგ პროცედურებს დაველოდოთ,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები