08 დეკემბერი 2024,   20:02
ვრცლად
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე" - იური ლუცენკო

უკრაინის მთავარმა პროკურორმა ლუცენკომ რადაში განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სააკაშვილის დაკავება მოხდეს. 24 საათს აძლევს ლუცენკო ასევე, კარვებში მყოფ სააკაშვილის მომხრეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებას აანონსებს.

ერთ საათზე მეტია უკვე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უკრაინის რადაში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მან წარმოადგინა ვიდეო მასალა, რომელიც მისივე თქმით, ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას და კავშირს პარტია „რეგიონებთან“.

სიტყვით გამოსვლისას იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დაკავშირებულები არიან რუსეთთან, კერძოდ, პარტია „რეგიონების“ წარმომადგენლებთან.

იური ლუცენკომ რადას ის დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ იმ სახლთან, საიდანაც მოხდა დღეს ოდესის ყოფილი გუბერნატორის აყვანა.

იური ლუცენკოს თქმით, უკრაინის მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული უფლება მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, თუმცა გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ მოსალოდნელია ამ პროცესების მოჰყვეს სიტუაციის ესკალაცია, რასაც მისი განმარტებით, უკრაინის პროკურატურა არ დაუშვებს.

იური ლუცენკო ასევე რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ არსებობდა კონსტიტუციური წესრიგის დამხობის გეგმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, ის დაამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფინანსდება რუსეთიდან. იური ლუცენკოს განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს სასამართლოს წინაშე. 

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე," - განაცხადა ლუცენკომ.

დღის ამბები