"ღირსების მანიფესტაცია" - ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მართავენ. ისინი რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულებენ.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.
"დღევანდელი ჩვენი შეკრება არის ნათელი დადასტურება, რომ შეუძლებელია ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება. ივანიშვილი და პოროშენკო დაუფარავად თანამშრომლობენ, რომ გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ოპოზიციური პარტია საქართველოს ხელისუფლებას კიევთან შეთანხმებულად მოქმედებაში ადანაშაულებს.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გადაბმულია საქართველოსთან. საქმე გვაქვს ორ ოლიგარქს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან, რომ მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზაცია მოხდეს. უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდათ, ხალხმა იხსნა სააკაშვილი, საქართველოშიც ვერ გამოუვათ. ოლიგარქია დასრულდება უკრაინასა და საქართველოშიც,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ბრძოლა გრძელდება და ის ქართველი და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.